menu icon

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი

საინვესტიციო წინადადებები

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

საქართველოს გეოლოგიური საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნა

წინადადების დახასიათება:
წინადადება მიზნად ისახავს საქართველოში, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნას გეოლოგიური საინფორმაციო საძიებო სისტემა კარგად ორგანიზებული მონაცემთა ბაზების და სხვადასხვა მასშტაბის გეოლოგიური და გეოფიზიკური შინაარსის ელექტრონული რუკების სახით. მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის მინერალური რესურსების საბადოების კადასტრის ფორმირება დეტალური ელექტრონული პასპორტების ბაზაზე. პროექტის საბოლოო მიზანია ქვეყნის მინერალური რესურსების და თანამედროვე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების ერთიანი მონიტორინგის სისტემების ჩამოყალიბება.
წინადადების
დასაბუთება:
მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან დღემდე, რაც მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორის სისტემატური და გეგმაზომიერი გეოლოგიური შესწავლა, საქართველოს გეოლოგიურ სამსახურს და გეოლოგიურ მეცნიერებას დაუგროვდა უზარმაზარი უნიკალური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს გეოლოგიური მეცნიერებისათვის. მთელი ეს ინფორმაციული მასივი, რომელიც მოიცავს ათიათასობით ტომს გადატანილია ქაღალდზე და ინახება ე.წ. გეოლოგიური ფონდების საცავებში. სიძველისა და შენახვის ყოვლად მიუღებელი პირობების გამო ხდება აღნიშნული მასალის ნელ-ნელა განადგურება, რაც აუნაზღაურებელი დანაკლისია მთელი გეოლოგიური მეცნიერებისათვის. გარდა ამისა უკვე შეუძლებელი ხდება ამ ინფორმაციაში ორიენტირება, ხშირად კი საჭირო მონაცემების მოძიებაც კი. ამდენად სადღეისოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა მთელი ამ ინფორმაციის ელექტრონულ დამგროვებლებზე გადატანა და მისი ციფრული სახით შენახვა, რაც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ეს უნიკალური ინფორმაცია, მოხდეს მისი სისტემატიზაცია ელექტრონული მონაცემთა ბაზების სახით და ამით სწრაფად ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ნებისმიერი მომხმარებლისათვის. გარდა ზემოთ აღნიშნულისა პროექტის რეალიზაციის პერიოდში მოხდება ათობით ქართველი გეოლოგის, რომლებიც დღეს დაუსაქმებელი არიან, დასაქმება და გადაკვალიფიცირება, რაც გარკვეულწილად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას, და წვლილს შეიტანს სიღარიბის პრობლემის გადაჭრაში
წინადადების  რეალიზაცია: 
პროექტის რეალიზაციის შედეგად მიღებული პროდუქციის (გეოლოგიური ინფორმაციის) მომხმარებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული იურიდიული თუ კერძო პირი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. როგორც ცნობილია 21-ე საუკუნის დასაწყისში ინფორმაცია გახდა ყველაზე ძვირადღირებული პროდუქცია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ინფორმაციაზე მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნილება, პროდუქცია იქნება სწრაფად რეალიზებადი და სრულად ანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს.
საორიენტაციო ღირებულება: 
აღნიშნული პროექტის განხორციელება ნავარაუდევია 5 წლის განმავლობაში და მისი ღირებულება შეადგენს 3 მლნ. აშშ დოლარს.
წინადადების
ავტორები:
ასლან სულაძე– გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტ. და მანანა ოთარაშვილი –  გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტ.