ინსტიტუტის შესახებ
ინსტიტუტი დაარსდა 1929 წლის 1 თებერვალს. ინსტიტუტის დაარსება დაკავშირებული იყო ქვეყნის განვითარების აუცილებლობასთან - სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა აღმოჩენასა, შესწავლასა და ათვისებასთან.
მე-20 საუკუნის 20-ან წლებში მოსკოვში შეიქმნა გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტი - შემდგომში მინერალური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტი. Всесоюзный институт минерального сырья (ВИМС). 1929 წელს პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ВИМС-ის ამიერკავკასიის ფილიალი, რომელიც შემდეგ გადაკეთდა კავკასიიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტად (კმნი) და საბოლოოდ დამკვიდრდა ფალიაშვილის ქ. # 85-ში. ინსტიტუტის დაარსებიდან 1957 წლის ივლისში გარდაცვალებამდე მისი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი შემადგენლობის აკადემიკოს-დამფუძნებელი ა. თვალჭრელიძე, შემდეგ კი, თანამიმდევრობით: გ.ქომეთიანი (1957-1970), ნ.გომელაური (1970-1977), თ.ჯანელიძე (1977-2001), თ.სპარსიაშვილი (2001-2003), დ. არევაძე (2003-2005). ამჟამად ინსტიტუტს ხელმძღვანელობს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, რევაზ კვატაშიძე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს –ინჟინერიის დოქტორი ნესტან გეგია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის # 980 ბრძანებით დამტკიცებულია ინსტიტუტის წესდება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის # 274 დადგენილების საფუძველზე -რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი- კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად - დამოუკიდებელ სამეცნიერო ერთეულად მასთან შეერთების გზით. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2017 წლის 1 მაისის დადგენილებით №41/2017 დამტკიცებულია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულება. ამჟამად ინსტიტუტში ფუნქციონირებს 8 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება, სადაც გაერთიანებულია 12 მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 16 უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და 28 მეცნიერ-თანამშრომელი. გარდა ამისა, სამეცნიერო-კვლევით განყოფილებებში დასაქმენულია 27 წამყვანი ინჟინერი და 4 ინჟინერი. ამასთანავე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტებიდან მოზიდულია 7 ახალგაზრდა სპეციალისტი.
ინსტიტუტის პრიორიტეტები:
საქართველოს მთავრობის მიერ დასახული 2009-2022 წწ პრიორიტეტები – მოსახლეობის კეთილდღეობა - სიღარიბის აღმოფხვრა და ეროვნული უსაფრთხოება, უშუალოდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან. მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებშია შესაძლებელი მოსახლეობისათვის ღირსეული საარსებო პირობებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური ფონის გაუმჯობესება. ამ მიზნების მიღწევა ქვეყანაში არსებული სანედლეულო ბაზის პოტენციალის შეფასებისა და მისი მაქსიმალურად გამოყენების საფუძველზეა შესაძლებელი. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის კვლევითი სამუშაოები განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტებით:
- მინერალური ნედლეულის – ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების გავრცელების კანონზომიერებების დადგენა და მათი სამრეწველო პოტენციალის გეოლოგიურ-ეკონომიკური შეფასება და საინვესტიციო წინადადებების მომზადება;
- საწვავი წიაღისეულის ბუდობების გავრცელების კანონზომიერებების დადგენა, სამრეწველო პოტენციალის შეფასება და საინვესტიციო წინადადებების მომზადება;