საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება; განყოფილების გამგე – ნოდარ რჩეულიშვილი – გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
მეცნიერ თანამშრომლები: - ნესტორ კაცაძე, ანზორ მესხია, ნოდარ ფალავანდიშვილი, ლია ზუბაშვილი; წამყვანი ინჟინრები: - ლალი კობესაშვილი, გურამ როდონაია.
ინჟინერი – თემურ ცაგარელი. საინჟინრო–გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების განყოფილება
კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში შემავალი ფუნქციონალური სტრუქტურული ერთეულია. განყოფილების საქმიანობის ძირითად საგანს დედამიწის ქერქში მიმდინარე გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და გეოეკოლოგიური პროცესების დადგენისა და შესწავლის მიზნით საინჟინრო-გეოლოგიური, გეოლოგიურ-გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური სამეცნიერო-გამოყენებითი კვლევების ჩატარება წარმოადგენს. განყოფილება წარმოდგენილია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებით. აღჭურვილია სათანადო ხელსაწყო–დანადგარებით, უზრუნველყოფილია ლაბორატორიული ბაზით. სპეციალიზირებული სამუშაოების ნაწილი შესრულდება სათანადო საწარმოებთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის საინჟინრო–გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების განყოფილებაში საინჟინრო–გეოლოგიური კვლევები, ერთის მხრივ, თანამედროვე გეოდინამიკური პროცესების (მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები, შვავები, მდინარეთა ნაპირების და სავარგულების ეროზია) შესწავლას მოიცავს, მეორეს მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული საინჟინრო-გეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტას სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტების შედგენის მიზნით. გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევების ჩატარება საკვლევი ტერიტორიის გეოლოგიური აგებულებისა და ტექტონიკის შესახებ ინფორმატიული მასალის მოპოვების საშუალებას იძლევა, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, გეოლოგიური აგეგმვისა და სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის მიწისქვეშა წყლების, ძებნა-ძიების წარმატებით წარმოებისათვის. გეოფიზიკური კვლევების თანამედროვე მეთოდიკა წარმატებით გამოიყენება გეოდინამიკური პროცესების, მათ შორის მიწისძვრების, შესწავლისა და პროგნოზირების დროს, აგრეთვე საინჟინრო–გეოლოგიური სამუშაოების შესრულების პროცესში. გეოლოგიურ–გეოფიზიკური კვლევებით დასახული ამოცანების გადაწყვეტა მიმდინარეობს ელექტრომეტრიის, მაგნიტომეტრიის და სეისმომეტრიის კომპლექსური მეთოდების გამოყენებით. ციფრულ ფორმატში მოპოვებული ინფორმაცია, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მუშავდება, რაც სხვადასხვა მასშტაბისა და დატვირთვის გეოლოგიური და გეოფიზიკური რუკებისა და ჭრილების ელექტრონული ვერსიის შედგენის საშუალებას იძლევა. ჰიდროგეოლოგიური კვლევების მიზანს წარმოადგენს მიწისქვეშა წყლების საბადოების გამოვლენა და მათი შესწავლა სასმელ–სამეურნეო და ტექნიკური წყალმომარაგების განსახორციელებლად. ჰიდროგეოლოგიური კვლევებისას ხორციელდება მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გავრცელების, მისი მოძრაობისა და ქანებთან ურთიერთმოქმედების შესწავლა. ამ ამოცანის განსახორციელებლად შესაძლებელია შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარება: – რეჟიმული დაკვირვებები მიწისქვეშა წყლებზე – საძიებო–საექსპლუატაციო ჭაბურღილების პროექტირება და ბურღვა – საძიებო–საექსპლუატაციო ჭაბურღილებში საცდელ–ფილტრაციული სამუშაოების ჩატარება მიწისქვეშა წყლების საბადოს მარაგების შეფასების მიზნით საინჟინრო–გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და ჰიდროგეოლოგიურ სამეცნიერო–კვლევით განყოფილებაში გაერთიანებულ სპეციალისტებს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში მიუღიათ მონაწილეობა. მათ შორის აღსანიშნავია: თენგიზის ნავთობის საბადოს დამცავი დამბის მშენებლობის პროექტი; ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენა–რეკონსტრუქციის პროექტი; ფოთის საბორნე გადასასვლელის პროექტი; ჩრდილო–სამხრეთი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი; მთიანი აფხაზეთის სპილენძ–პოლიმეტალური სარტყელის გეოლოგიურ–გეოფიზიკური შესწავლა; სამხრეთ საქართველოს მადნეული და არამადნეული წიაღისეულის ძებნა–ძიება; თურქეთ–საქართველოს ერთობლივი პროექტით სასაზღვრო ზოლის მაგნიტური ველის შედგენა; საქართველოს ტერიტორიის 1 : 500000 მასშტაბის აბსოლუტური და ანომალური მაგნიტური ველის რუკების შედგენა; რეგიონული გეოლოგიურ–გეოფიზიკური ჭრილების და სიღრმული რუკების შედგენა; ამბროლაურის რაიონის სოფლების წყალმომარაგების პრობლემის გადაწყვეტა; ქ. ქობულეთის წყალმომარაგების პრობლემის შესწავლა–გადაწყვეტა; საქართველოს სასაზღვრო ზოლის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილის წყალმომარაგების საკითხების შესწავლა– გადაწყვეტა: გარეჯის ნახევრადუდაბნოს წყალმომარაგების პრობლემის შესწავლა-გადაწყვეტა. საინვესტიციო წინადადებები: ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური ნალექების შესწავლა ბუნებრივი სასუქებისა და კერამიკული ნაწარმის ნედლეულის წარმოების მიზნით ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დაგროვილი ნალექები განიხილება, როგორც გეოლოგიური ობიექტი, რომლის მასა სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენს. წინასწარი დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასა მაღალი ხარისხის ბუნებრივი სასუქების წარმოებისათვის ვარგის ნედლეულს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული ფსკერული ნალექების მარაგები თვითშევსებადი და პრაქტიკულად უშრეტია (1999 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 20–25 მლნ. მ3 აღწევდა). ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასის ტერიგენული ფრაქცია შავფიქლებრივი წყებების დენუდაციის მასალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ ის ვარგისია კერამიკული წარმოების ნედლეულად (აგური, კრამიტი), რაც ჟინვალის შლამური ნალექების წინასწარი კვლევებითაც დადასტურდა. შეთავაზებული პრობლემის გადასაწყვეტად, აუცილებელია ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასის გეოლოგიური მახასიათებლებისა და ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების შესწავლა, რისთვისაც დაგეგმილია სპეციალიზებული გეოლოგიური სამუშაოებისა და პირველადი ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება.
გარეჯის ნახევარუდაბნოს ეკოსისტემის ოპტიმიზაცია, მიწისქვეშა წყლების ადგილობრივი რესურსების ათვისების გზით საგარეჯოს რაიონში, თბილისიდან სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით 70კმ - ში მდებარეობს ტაფობი, რომელიც გარეჯის უდაბნოს სახელითაა ცნობილი.
ეს დიდი ისტორიული წარსულის მქონე კუთხეა. საუკუნეების მანძილზე “დავითგარეჯა” მოწინავე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მრავალრიცხოვანი სასულიერო პირის გარდა, აქ მეურნე მოსახლეობა სახლობდა, რომელიც როგორც “სამონასტრო გლეხთა” ფენა იყო ცნობილი. სამონასტრო ცხოვრების ჩაქრობის პარალელურად, გასული საუკუნის დასაწყისისთვის, რეგიონი გაუკაცურდა. ამ ფაქტორმა გარეჯის უდაბნოს გეოეკოლოგიურ სისტემის – გეოლოგიური გარემო, მცენარეული საფარი, ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანი - წონასწორობაში აშკარა დისბალანსი შეიტანა. ზემოთ ხსენებული პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია სასმელ-სამეურნეო წყლის ალტერნატიული წყაროს მოძიებით, რომლის მარაგებს ადგილობრივი რესურსები უნდა შეადგენდნენ. მათ უნდა დააკმაყოფილონ რეგიონში შერჩენილი მოსახლეობის მოთხოვნილება სასმელ-სამეურნეო წყალზე, ხოლო “გარეჯის უდაბნოს” გეოეკოსისტემა უზრუნველყონ მისი რეაბილიტაციისათვის საკმარისი რაოდენობით. კომპლექსური გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების ჩატარების შედეგად, უნდა გამოვლინდეს ადგილობრივი, მიწისქვეშა წყლების საბადო, რომლის შემდგომი ათვისება განხორციელდება ჭაბურღილების ბურღვის გზით. გარე კახეთის ტალახის ვულკანების შესწავლა ბალნეოლოგიური კურორტების სანედლეულო ბაზად გამოყენების მიზნით (საინვესტიციო წინადადება შემუშავებულია გეოლოგიური განყოფილების თანამშრომლებთან ერთად) გარე კახეთში ტალახის ვულკანების მთელი რიგი უბნებია გამოყოფილი. ცალკეული ვულკანების ფართობი 50 000მ2 აღწევს, ხოლო ტალახის მოცულობა 400 000 მ 3 აღემატება.
აღნიშნული ვულკანების პროდუქტიულმა მასამ, როგორც სამკურნალო თვისებების მქონემ, მკვლევართა ყურადღება მათი შესწავლის პირველივე ეტაპზე მიიქცია.
ტიულკი–ტაფას უბანზე, სადაც ცალკეული ვულკანების რაოდენობა 100 მ-დე აღწევს, შემოთავაზებულია გამაჯანსაღებელ - ბალნეოლოგიური კომპლექსის მოწყობა. თიხებისა და ქლორ-ნატრიუმიან-ნავთობიანი წყალხსნარების მედიკამენტოზური თვისებების დაზუსტებისა და სასარგებლო კომპონენტების მარაგების დადგენის მიზნით დაგეგმილია სპეციალიზებული გეოლოგიური ძიებები და მედიკო-ბიოლოგიური დაკვირვებები.
შრომები:
- ნ. რჩეულიშვილი, “შავი ფიქლების წყებების ფორმირების პროცესები და კოლჩედანური მადანდაგროვება”, სამეცნიერო სესია, მიძღვნილი გეოლოგიური საზოგადოების 60 წლისთავისადმი, თეზისები,“მეცნიერება”,თბილისი, 1993წ. გვ.71-72.
- ნ. რჩეულიშვილი, ნ. ფალავანდიშვილი, და სხვ., “სოფელ უდაბნოს ალტერნატიული წყალმომარაგების საკითხი”, “სამთო ჟურნალი” #1-2(16-17), თბილისი, 2006წ. გვ.71–73.
- ნ. რჩეულიშვილი, და სხვ., “გარე კახეთის ტალახის ვულკანების ბალნეოლოგიური კურორტების სანედლეულო ბაზად გამოყენების შესახებ”, “სამთო ჟურნალი” #1-2(16-17). თბილისი, 2006წ.გვ. 74–76 .
- Кваташидзе Р.Ю., Палавандишвили Н.Н., Родоная Г.Н., Рчеулишвили Н.Л. «К вопросу решения проблемы водоснабжения курортной зоны г. Кобулети», Georgian Engineering News, , 2007, #1стр.144-147.
- ნ. კაცაძე. „ნავთობსადენის მშენებლობისათვის არახელსაყრელი საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის ტრასის 175-222 კმ მონაკვეთზე (ბორჯომის ხეობა)“ - 2002 წლის ივნისი, ბაქო. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენისადმი მიძღვნილი კონფერენცია. თეზისები. გვ.17
- A. Meskhia, „Application of Geophysical Methods to Engineering Geo-dynamics investigations“, 1989, IVA – rapports, Stockholm.
- A. Meskhia, Geophysical Studies along Turkish-Georgian Border Zone“, 2001, MTA- Ankara.
- ნ.რჩეულიშვილი, ნ.ფალავანდიშვილი, ლ.ზუბაშვილი "წყალი‘’[ფენომენი; წიაღისეული რესურსი]" კმნი, თბილისი, 2014 წ. წიგნი, 36გვ.
- ი. ნოზაძე, ნ. რჩეულიშვილი, ი. კვატაშიძე `წიაღის რესურსების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ზოგიერთი საკითხი და საქართველოს გეოლოგიურ-ეკონომიკური დარაიონება~, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება; შრომათა კრებული, სამეცნიერო–ტექნიკური კონფერენცია საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემების შესახებ, თბილისი, 2015 წ. გვ. 106–111.
- ნ. რჩეულიშვილი, რ. კვატაშიძე, ნ. ფალავანდიშვილი, ლ. ზუბაშვილი, ნ. ენუქიძე `მცირემიწიან ფერმერულ მეურნეობებში მიწისქვეშა წყლების სარწყავად მოხმარების პერსპექტივები (მარნეულის რეგიონის მაგალითზე)~, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება; შრომათა კრებული, სამეცნიერო–ტექნიკური კონფერენცია საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემების შესახებ, თბილისი, 2015 წ. გვ. 122–126.
- ნ. რჩეულიშვილი, ნ. ფალავანდიშვილი, გ. როდონაია, ნ. ენუქიძე, ლ. ზუბაშვილი, რ. ბაბაქიშიევი `მარნეულის დასახლება ჯანდარას სავარგულების სარწყავი წყლით მომარაგების შესაძლებლობის შესახებ ~, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოხსენების თეზისები, საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის თანამედროვე პრობლემების შესახებ, `გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა~, (ინგლისურ ენაზე) თბილისი, 2016წ. გვ. 109–112.