გარეჯის ნახევარუდაბნოს ეკოსისტემის ოპტიმიზაცია, მიწისქვეშა წყლების ადგილობრივი რესურსების ათვისების გზით
საგარეჯოს რაიონში, თბილისიდან სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით 70კმ - ში მდებარეობს ტაფობი, რომელიც გარეჯის უდაბნოს სახელითაა ცნობილი.
ეს დიდი ისტორიული წარსულის მქონე კუთხეა. საუკუნეების მანძილზე “დავითგარეჯა” მოწინავე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მრავალრიცხოვანი სასულიერო პირის გარდა, აქ მეურნე მოსახლეობა სახლობდა, რომელიც როგორც “სამონასტრო გლეხთა” ფენა იყო ცნობილი. სამონასტრო ცხოვრების ჩაქრობის პარალელურად, გასული საუკუნის დასაწყისისთვის, რეგიონი გაუკაცურდა. ამ ფაქტორმა გარეჯის უდაბნოს გეოეკოლოგიურ სისტემის – გეოლოგიური გარემო, მცენარეული საფარი, ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანი - წონასწორობაში აშკარა დისბალანსი შეიტანა. ზემოთ ხსენებული პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია სასმელ-სამეურნეო წყლის ალტერნატიული წყაროს მოძიებით, რომლის მარაგებს ადგილობრივი რესურსები უნდა შეადგენდნენ. მათ უნდა დააკმაყოფილონ რეგიონში შერჩენილი მოსახლეობის მოთხოვნილება სასმელ-სამეურნეო წყალზე, ხოლო “გარეჯის უდაბნოს” გეოეკოსისტემა უზრუნველყონ მისი რეაბილიტაციისათვის საკმარისი რაოდენობით. კომპლექსური გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების ჩატარების შედეგად, უნდა გამოვლინდეს ადგილობრივი, მიწისქვეშა წყლების საბადო, რომლის შემდგომი ათვისება განხორციელდება ჭაბურღილების ბურღვის გზით.