ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური ნალექების შესწავლა ბუნებრივი სასუქებისა და კერამიკული ნაწარმის ნედლეულის წარმოების მიზნით
ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დაგროვილი ნალექები განიხილება, როგორც გეოლოგიური ობიექტი, რომლის მასა სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენს. წინასწარი დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასა მაღალი ხარისხის ბუნებრივი სასუქების წარმოებისათვის ვარგის ნედლეულს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული ფსკერული ნალექების მარაგები თვითშევსებადი და პრაქტიკულად უშრეტია (1999 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 20–25 მლნ. მ3 აღწევდა). ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასის ტერიგენული ფრაქცია შავფიქლებრივი წყებების დენუდაციის მასალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ ის ვარგისია კერამიკული წარმოების ნედლეულად (აგური, კრამიტი), რაც ჟინვალის შლამური ნალექების წინასწარი კვლევებითაც დადასტურდა. შეთავაზებული პრობლემის გადასაწყვეტად, აუცილებელია ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასის გეოლოგიური მახასიათებლებისა და ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების შესწავლა, რისთვისაც დაგეგმილია სპეციალიზებული გეოლოგიური სამუშაოებისა და პირველადი ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება.