"გეოანალიტიკა" 2009 წელს დაარსდა ანალიზური და ფიზიკური ლაბორატორიების ბაზაზე. ცენტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
- ნიადაგების, მარილების, მათი შენადნობების, მეფუტკრეობის პროდუქტების და სამშენებლო მასალების შემადგენელი კომპონენტების მიკრო და მაკრო შემცველობების განსაზღვრა;
- ქანების, მადნეულის და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების პროდუქტების, მინერალური ნედლეულის და სპილენძის მანგანუმის, რკინის, ტყვიის, თუთიის შემცველი მადნების, ასევე ოქროს ფაზური ანალიზი.
როგორც რევაზ კვატაშიძე გვიყვება, ცენტრში ასევე მუშაობენ გარემოს დაცვის მიმართულებით. შეისწავლიან საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის მასალებს, იმისთვის, რომ გაწმინდონ წყლები და ნიადაგი ზოგიერთი მავნე კომპონენტისგან.
თსუ "გეოანალიტიკის" ცენტრისთვის საინტერესოა სარკინიგზო ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების ზეგავლენის ეკოქიმიური შეფასებაც.
"ამ ეტაპზე ჯგუფის მთავარ პროექტს წარმოადგენს შპს „ასკანგელ ჯგუფი“-ს მიერ წარმოდგენილი ბენტონიტური ასკანის თიხის სინჯების ტესტირება, რომლის საფუძველზეც მოხდება ბენტონიტური თიხის საბადოს მარაგების დამტკიცება მარაგების სახელმწიფო კომისიაში. ცენტრისათვის პრიორიტეტია სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი, ექსპრესულობა და საიმედოობა. სწორედ ამითაა განპირობებული ანალიტიკური ცენტრის დამკვეთების ფართო სპექტრი; სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო პირები, ადგილობრივი და უცხოური მეწარმეები. ისინი კმაყოფილები არიან ცენტრის მომსახურეობით,"- გვეუბნება რევაზ კვატაშიძე.
საერთაშორისო დამკვეთების კმაყოფილება ასახულია ცენტრის სხვა წარმატებებშიც: მათი რეკომენდაციით „გეოანალიტიკა“ წარმატებული საქმიანობისათვის 2009 წლის ნოემბერში ლონდონში ინგლისს–ესპანეთის საერთაშორისო ერთობლივი კომპანია „BID“-ის მიერ საჯაროდ დაჯილდოვდა ხარისხის ნომინაციაში ოქროს გვირგვინით. ხოლო, ბიზნესის მსოფლიო კონფედერაციამ (World Confederation of Businesses), რომელიც დაფუძნებულია ჰიუსტონში (აშშ) 2010 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში თსუ მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი და „გეოანალიტიკა“ დააჯილდოვა საუკეთესო მენეჯმენტისთვის პრიზით - The BIZZ 2010.
TOP 100-ში მოხვედრასთან ერთად, მიმდინარე წელს „გეოანალიტიკა" კიდევ ერთ წარმატებას ელის, მან უკვე გაიარა შეფასება სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის და აკრედიტაციის მოწმობას მიიღებს.
"ჩვენი ჯგუფის აკრედიტაციის სფერო 2015-2019 წ.წ. განისაზღვრებოდა ორი მიმართულებით: ცემენტის ფიზიკურ-მექანიკური ტესტირება და მშრალი სამშენებლო ნარევების ფიზიკურ-მექანიკური ტესტირება. 2020-2023 წლებში დაგვემატება კიდევ ქვიშის და ხრეშის (ღორღის) ფიზიკურ-მექანიკური ტესტირებები. ჩვენთან ნიმუშების მომზადებისა და ბენტონიტური თიხების ტესტირების ჯგუფი (ხელმძღვანელი ინჟინერიის აკადემიური დოქტორი ნესტან გეგია) ახორციელებს საანალიზოდ შემოსული სინჯის მიღებას, მის რეგისტრაციას, აღწერას, სინჯის მომზადებას ნახაზზე წარმოდგენილი სქემის მიხედვით და ნიმუშის გადაცემას საანალიზოდ. „გეოანალიტიკას“ ამჟამად ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გულნარა თოდრაძე ხელმძღვანელობს," - ამბობს რევაზ კვატაშიძე.
თსუ მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ალექსანდრე თვალჭრელიძის მიერ 1929 წელს დაარსდა. ინსტიტუტის კვლევები ფუნდამენტური მეცნიერების მიღწევებს ემყარება და ატარებს გამოყენებით ხასიათს. ინსტიტუტის მიზანი თსუ მეცნიერებთან და სტუდენტებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარებაა, ამ მიზნით ისინი ცდი;ობენ საქართველოს წიაღში არსებული ყოველგვარი მინერალური წარმონაქმნი, ან მისი ფრაგმენტი ამა თუ იმ დანიშნულების სასარგებლო ნამარხად აქციონ.
ინსტიტუტს თავისი არსებობის განმავლობაში მოპოვებული აქვს მდიდარი ფაქტობრივი მასალა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიებზე გავრცელებული სხვადასხვა სახის სასარგებლო ნამარხების - ფერადი, იშვიათი და ძვირფასი ლითონების, არალითონური (ქიმიური მრეწველობის ნედლეული, სამშენებლო მასალები, მოსაპირკეთებელი ქვები, აგრონომიული მადნები) და სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გეოლოგიის, მათი ქიმიური შემადგენლობისა და გადამუშავების ტექნოლოგიების თაობაზე.
თსუ სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მდებარე მსხვილი ობიექტის - მივერუდის საბადოს გეოლოგიურ-გეოფიზიკურ შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების გამომუშავების პროცესში. ამავე საბადოს ოქროს შემცველი მადნების კვლევების საფუძველზე კი, მსხვილი სამთო კომბინატის შენდება.
ინსტიტუტი აშშ-ს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ მსხვილ სამეცნიერო ცენტრთან ერთად ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად ემზადდება. თსუ მეცნიერები თანამშრომლობენ ჩეხეთთან, ისრაელთან და თურქეთთან.